სიახლეები

პროდუქტები

ფაგოთერაპია

“ფაგოთერაპია”, ბაქტერიოფაგის პრეპარატების გამოყენებით, ბაქტერიული ინფექციების მკურნალობას ნიშნავს. ბაქტერიოფაგი (ანუ ფაგი) სპეციფიკურ ბაქტერიებს ანადგურებს. ორგანიზმში მოხვედრისთანავე, დაავადების გამომწვევი ბაქტერიის შესაბამისი (ჰომოლოგიური) ფაგი გამრავლებას იწყებს. ის მავნე ბაქტერიულ უჯრედებს “საკვებად” იყენებს და მათი განადგურების შემდეგ, ორგანიზმს ტოვებს.

ფაგოთერაპია

ფაგებით მკურნალობა

ისტორია

არსებობს უძველესი ისტორიული ცნობები, რომელთა მიხედვით, ინდოეთის არა ერთ მდინარეს გასაოცარი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ამ ფენომენის შესასწავლად, ინგლისელმა და კანადელმა მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევები ჩაატარეს. 1915 და 1917 წლებში (თანრიგის მიხედვით) ფრედერიკ ტვორტმა და ფელიქს დ’ერელმა ბაქტერიების გამანადგურებელი მიკროორგანიზმის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ამ მიკროორგანიზმს “ბაქტერიოფაგი” სწორედ ფელიქს დ’ერელმა უწოდა. ჯერ კიდევ 1920-იან წლებში, ბაქტერიოფაგის პრეპარატების გამოყენებით, დიზენტერიის, ტიფის, ქოლერისა და სხვა ინფექციური დაავადების მქონე ათასობით ადამიანი განიკურნა. მაგრამ ამ მიღწევებს წარუმატებლობაც მოყვა: მიკრობიოლოგიის განვითარების არასაკმარისი დონე მეთოდოლოგიურ შეცდომებში აისახა. ხშირად, ფაგების პრეპარატებს არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ – არაიდენტიფიცირებული, არაჰომოლოგიური ბაქტერიების, ან არაბაქტერიული წარმოშობის პათოგენებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ცხადია, ასეთ შემთხვევებში ფაგოთერაპია სასურველ შედეგს არ აჩვენებდა, რის შედეგადაც, სამედიცინო წრეებში მისი რეპუტაცია ძლიერ შეილახა. ორმოციან წლებში, ანტიბიოტიკების აღმოჩენის შემდეგ, დასავლეთში ბაქტერიოფაგების, როგორც ინფექციური დაავადებების სამკურნალო, პროფილაქტიკური პრეპარატების მიმართულება მეტად აღარ განვითარებულა. საქართველოსა და საბჭოთა კავშირში კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

საქართველო

სსრკ-ში ბაქტერიოფაგიის განვითარება გიორგი ელიავას სახელს უკავშირდება. 1934 წელს, თბილისში, ფელიქს დ’ერელთან თანამშრომლობით, მან “ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის” ინსტიტუტი დააარსა. ბაქტერიოფაგიაში სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების მხრივ, მოსფლიო ლიდერად ეს ინსტიტუტი დაარსების დღიდანვე ითვლებოდა. 1980-იან წლებში, როცა დასავლეთში ფაგოთერაპია აღარავის ახსოვდა, ინსტიტუტის სამეცნიერო სექტორში – 130-მდე, ხოლო საწარმოო სექტორში 960 მუშაკი საქმიანობდა. სტანდარტიზებული პრეპარატების დღიური წარმადობა 2 ტონას აღემატებოდა. კომპანია ბიოქიმფარმი სწორედ ამ საწარმოო-კვლევით ბაზას ეფუძნება.

ეფექტურობა

ფაგს გააჩნია უნარი ეფექტურად გაანადგუროს ბაქტერია, მისი რეზისნტული ფორმების ჩათვლით. ფაგი შერჩევითად, კონკრეტულ ბაქტერიას ანადგურებს. ის არ აზიანებს ადამიანის, ცხოველის ან მცენარის უჯრედებს. ბიოქიმფარმის სამკურნალო პრეპარატებში შემავალი, სპეციალურად შერჩეული ფაგები ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებენ. ისინი მხოლოდ დაავადების გამომწვევ, მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. მაშასადამე, ფაგოთერაპია ორგანიზმში არასასურველ ცვლილებებს არ იწვევს – არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ბუნებრივი გზით, საკვებიდან და სასმელი წყლიდან, ადამიანი ათასობით, ზოგჯერ მილიონობით ფაგს ყოველდღიურად იღებს; ხოლო ჩვენი ნაწლავური მიკროფლორა მილიონობით, ხშირად მილიარდობით ფაგს შეიცავს. მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ფაგის პრეპარატების მიღება ჯანმრთელობისთვის უვნებელია. ქიმიური პრეპარატებით მკურნალობასთან შედარებით, ეს ფაგოთერაპიის მთავარი უპირატესობაა.

რეზისტენტობა

ანტიბიოტიკორეზისტენტობა (ანუ ბაქტერიული რეზისტენტობა) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ გლობალურ პრობლემადაა აღიარებული. ანტიბიოტიკორეზისტენტობა, ბაქტერიის მხრიდან ანტიბიოტიკების მიმართ მედეგობის გამომუშავების უნარს გულისხმობს. უკვე ათწლეულებია, რაც რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ ანტიბიოტიკების ეფექტურობა საგრძნობლად შემცირდა. მათ უჭირთ, ან არ ძალუძთ ასეთ დაავადებებთან გამკლავება. სურათს ანტიბიოტიკების ახალი ჯგუფების წარმატებით შემუშავების ბოლოდროინდელი იშვიათობაც ამძიმებს. ანტიბიოტიკორეზისტენტობა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი თავსატეხია. ფაგების ტექნოლოგიას და ფაგოთერაპიას ხსენებული პრობლემის შეფერხების და გადაჭრის დადასტურებული პოტენციალი გააჩნია. დღესდღეობით, ფაგები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.

უპირატესობები

ფაგოთერაპიის უპირატესობები
· ბაქტერიოფაგი (ანუ ფაგი) დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი ორგანიზმია.
· ფაგები უსაფრთხოა ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეებისთვის.
· ბაქტერიოფაგის სამკურნალო-პროფილაქტიკურ პრეპარატებში შემავალი, სპეციალურად შერჩეული ფაგები მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ; რეზისტენტული ფორმების, მაგალითად სტაფილოკოკის (MRSA) ჩათვლით. სხვა ქიმიური პრეპარატებისგან (მათ შორის ანტიბიოტიკებისგან) განსხვავებით, ფაგები ადამიანის ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებენ;
· ფაგების მოხმარებისას არასასურველი გვერდითი მოვლენები და გართულებები არ ფიქსირდება. ისინი არ აზიანებენ ღვიძლს და თირკმელებს, არ იწვევენ დისბიოტურ ცვლილებებს და ა.შ.;
· ბაქტერიოფაგების გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, ორსულებში და იმუნოდეფიციტიან პაციენტებში;
· ბაქტერიოფაგების პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ანტიბიოტიკებთან ერთად; რაც ანტიბიოტიკებით მკურნალობას მეტად ეფექტურს ხდის.
· ამ ჯგუფის პრეპარატების ერთადერთი აქტიური ინგრედიენტი ერთი, ან რამდენიმე სახის ბაქტერიოფაგია;
· ფაგის პრეპარატების წარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროცესია;
· ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, ფაგის პრეპარატები, როგორც სამკურნალოდ, ისე პრევენციის მიზნით გამოიყენება;
· ბაქტერიოფაგების ტექნოლოგიის გამოყენებით, ბაქტერიული პათოგენების დამარცხება შესაძლებელია არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ საკვების უსაფრთხოებაში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს უსაფრთხოებაში, ვეტერინარიაში და სხვა სფეროებში, სადაც ბაქტერიები საფრთხეს ქმნიან.