სიახლეები

პროდუქტები

ტექნოლოგია

ეფექტური და უსაფრთხო ანტიბაქტერიული პრეპარატების შესაქმნელად, ჩვენ ბაქტერიოფაგებს ვიყენებთ. ბაქტერიოფაგები (ანუ ფაგები) ბუნებაში არსებული მიკროორგანიზმებია, რომლებიც ასობით მილიონი წელია რაც დედამიწაზე ბაქტერიული ბალანსის დაცვის ფუნქციას ასრულებენ. მავნე ბაქტერიებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრისთვის, სპეციალურად შერჩეულ ფაგებს, ჩვენ ეფექტურ პროდუქტებად გარდავქმნით.

ასწლიანი გამოცდილება ინოვაციური პროდუქტების შექმნის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი ნაწარმი გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა საკვების უსაფრთხოება, თერაპია და მედიცინა, ვეტერინარია, გარემოს უსაფრთხოება და ა.შ. ჩვენი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიის საშუალებით, ფაგის პრეპარატებს თხიერ, სპრეის, ტაბლეტირებულ და კაპსულირებულ ფორმებში ვამზადებთ. პროდუქტების პორტფოლიო მონოკომპონტენტურ (ერთ ბაქტერიაზე მოქმედ) და პოლიკომპონენტურ (მრავალ ბაქტერიაზე მოქმედ) პრეპარატებს მოიცავს.

რა არის ფაგი?

სიტყვა “ბაქტერიოფაგი” (“ბაქტერიის მშთანთქმელი”) ორი ბერძნული სიტყვის ფუძეებისგან შედგება – bakteria (რაც “ჩხირს, ღეროს” ნიშნავს) და phagein (ანუ “შთანთქმა”). ბაქტერიოფაგი (იგივე ფაგი) დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმია. ის ბაქტრიების ბუნებრივი მტერია. ფაგები გვხვდება ნიადაგში, ადამიანის და ცხოველთა ორგანიზმში, კანზე, ნაწლავებში, საკვებში და ა.შ. წყალში ისინი განსაკუთრებით მრავლად არიან. დღის განმავლობაში, საკვებიდან და სასმელი წყლიდან, ადამიანები მილიონობით ფაგს ბუნებრივად იღებენ.

ფაგი მკაცრად სპეციფიკურია და შერჩევითად, მხოლოდ თავის შესაბამის ბაქტერიას ანადგურებს. მას (ადამიანის, ცხოველის ან მცენარის) ეუკარიოტული უჯრედების დაზიანების უნარი არ გააჩნია. სხვა ანტიმიკრობული საშუალებებისგან (მათ შორის ანტიბიოტიკებისგან) განსხვავებით, ბიოქიმფარმის სამკურნალო პრეპარატებში შემავალი, სპეციალურად შერჩეული ფაგები მხოლოდ დაავადების გამომწვევ, მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ და არ აზიანებენ ადამიანის ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას; რაც მათ უპრეცენდენტო უსაფრთხოებას განაპირობებს.

როგორ ანადგურებს ფაგი ბაქტერიას?

ბაქტერიოფაგი ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე ადსორბირდება. ის არღვევს უჯრედის მთლიანობას და მის შიგნით აღწევს, მრავლდება და ფაგის შთამომავლობის – „შვილობილი“ პოპულაციების – გამოთავისუფლებით, მის ლიზისს (განადგურებას) იწვევს. ახლად ფორმირებული ფაგები კი სხვა მიკრობული უჯრედების ინფიცირებას ბაქტერიული ინფექციის ლიკვიდაციამდე განაგრძობენ. თერაპიული ფაგებით მკურნალობისა და პროფილაქტიკის წარმატება სწორედ აღნიშნულ პროცესს ემყარება.

1. ადსორბცია – ბაქტერიულ უჯრედზე მიმაგრება
2. ფაგის ინექცია – ბაქტერიულ უჯრედში ფაგის გენომის შეჭრა
3. ფაგის რეპლიკაცია – ნუკლეინის მჟავების გამრავლება
4. ფაგის რეპროდუქცია – ნუკლეინის მჟავებისა და კაფსიდის ცილების სინთეზი
5. “შვილობილი” ფაგების წარმოშობა
6. ფაგის შთამომავლობის ახალი პოპულაციების გამოთავისუფლება – ბაქტერიის დაშლა.

ჩვენი ტექნოლოგია ჩვენს ხედვას და მისიას ეფუძნება. ბუნება უბადლო შემოქმედია; ჩვენ კი მიზნად მის მიერ, ბაქტერიებთან საბრძოლველად შექმნილი მექანიზმის დახვეწას და ეფექტურად გამოყენებას ვისახავთ. ჩვენი ტექნოლოგია გამოიყენება არა მხოლოდ თერაპიული დანიშნულებით, არამედ საკვების უსაფრთხოებაში, სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიაში, გარემოს უსაფრთხოებაში, პრობიოტიკებში და ა.შ.