20 მარტი, 2024
საქართველოს აქვს პოტენციალი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის მსოფლიო ჰაბი გახდეს. ამის შესახებ „ბიოქიმფარმის“ მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი jandacva.ge-სთან აცხადებს და ამით ეხმაურება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გუშინ გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებს.
კერძოდ, ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ფაგების ტექნოლოგიებში პიონერია და დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ კი განაცხადა, რომ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ფაგებზე იმ დროს, როცა ანტიბიოტიკები რეზისტენტულობას კარგავს და ბევრ დაავადებასთან თუ ინფექციებთან მიმართებაში უფუნქციო ხდება.
„დღეს მსოფლიოში წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, გიგანტები, როგორიცაა „ფაიზერი,“ „ასტრაზენეკა,“ მრავალმილიონიან, მილიარდიან ინვესტიციებსაც კი ახორციელებენ ფაგების განვითარების ხელშესაწყობად. საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია სამეცნიერო მიმართულებით. ახლა ჩვენი ფოკუსი იქნება სამეცნიერო ცოდნა, სამეცნიერო გამოცდილება კომერციალიზაციაში გადავზარდოთ,“ – განაცხადა კასრაძემ.
რატი ღოლიჯაშვილის შეფასებით, საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ასევე ისტორიული გამოცდილება ფაგების წარმოების და კვლევის მიმართულებით. მისივე თქმით, პრემიერის განცხადება და დაანონსებული, წამახალისებელი სიახლეები არის ცალსახად პოზიტიური სიგნალი და გარდამტეხი მომენტი საქართველოში ბიოტექნოლოგიების და ფაგების განვითარების მიმართულებით.
„საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლოც და გაგვაჩნია 100 წლამდე ტექნოლოგიური გამოცდილება ამ მიმართულებით. დღეს ფაგები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა და შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ როგორც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბი. პრემიერის განცხადება ამ მხრივ პოზიტიური სიგნალია,“ – აღნიშნა ღოლიჯაშვილმა.
მისი თქმით, „ბიოქიმფარმი“ ამ ეტაპზე ახორციელებს ექსპორტს 8 ქვეყანაში და აქვს ინტერნაციონალიზაციის ამბიცია, რათა 5-7 წლის პერსპექტივაში ექსპორტმა 80 ქვეყანა მოიცვას და „სიცოცხლის შემნარჩუნებელი ფაგის პრეპარატებით“ მილიონობით პაციენტი მოამარაგოს.
„ბიოტექნოლოგიების და ბიოფარმაცევტიკის განვითარება საქართველოსთვის არის ეფექტური გზა, რომელიც კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში,“ – აღნიშნა „ბიოქიმფარმის“ ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სწორედ ფაგების პოპულარიზაცია და მისი ევროპულ ბაზრებთან დაახლოებაა ბრიუსელში კომპანიის დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
კერძოდ, რატი ღოლიჯაშვილის ინფორმაციით, ბრიუსელში, ევროპის ინოვაციებისა და მეცნიერების კვირეულზე „ჯიტას“ ეგიდით 5 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
„გასახარია, რომ ქართული ინოვაციური კომპანიები და ტექნოლოგიები კიდევ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში, მეტად უახლოვდება ევროპის ბაზრებს და ჩვენი ვიზიტი ემსახურება ევროპაში ფაგების შემოტანას, დისტრიბუციას, რათა მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ პაციენტს, რომელიც იტანჯება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობით,“ – აცხადებს „ბიოქიმფარმის“ ხელმძღვანელი და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია საქართველოს, როგორც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის მსოფლიო ცენტრის, მეტი პოზიციონირება და ცნობადობის ზრდა საერთაშორისო ასპარეზზე.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის საკითხი საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, აქტუალურია, მათ შორის – ჰოსპიტალური ინფექციების მხრივ არსებული ვითარების გამო, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც ანტიბიოტიკების არაადეკვატური მოხმარება და მათ მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა სახელდება. ექსპერტების თქმით, ჰოსპიტლებში ინფექციების შიდა გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია რეზისტენტობა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა. Jandacva.ge