12 ნოემბერი, 2019
სულ ცოტა ხნის წინ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული 650 000-ლარიანი ინოვაციური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული PowerPhage გახდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 300 000 ლარია, რომლის ნახევარიც გრანტით დაფინანსდება, დარჩენილი ნაწილი კი კომპანიის შიდა ინვესტიციით.
PowerPhage ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში − მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში, ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. ანტიბიოტიკების ჩანაცვლება სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით − ფაგებით მოხდება.
ზოგადად, ანტიბიოტიკების ჩამნაცვლებელი ბუნებრივი საშუალებების შექმნა ერთ-ერთი უდიდესი ტენდენციაა გლობალურ ინოვაციურ არენაზე, რასაც ადასტურებს ბიოფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსების გლობალური სტატისტიკა. აღნიშნული გამომდინარეობს გამოწვევიდან, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების ჭარბ გამოყენებასთან თანამედროვე სამყაროში. პრობლემა აქტუალურია საკვები პროდუქტების წარმოების სფეროშიც. კერძოდ, ფერმებში ანტიბიოტიკების ირაციონალური და ჭარბი გამოყენება ანტიბიოტიკორეზისტენტობის ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში გამოყენებული ანტიბიოტიკების 70%-ზე მეტი სწორედ ქათმების, ღორებისა და ძროხების წონის სწრაფად მოსამატებლად და ფერმებში ჰიგიენის დაცვის იაფ ალტერნატივად გამოიყენება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად PowerPhage-მა. სჯერათ, რომ პროდუქტს დიდი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს მოსახლეობის ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც უსაფრთხო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის წარმოების საშუალებით გახდება შესაძლებელი.
კომპანიის ინოვაციური პროდუქტისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალების გასარკვევად, Entrepreneur ბიოქიმფარმის ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს, რატი ღოლიჯაშვილს ესაუბრა.
„კომპანიას ფაგებზე დაფუძნებული, ანტიბიოტიკების ალტერნატიული საშუალებების შექმნისა და წარმოების პროცესის 80-წლიანი აკუმულირებული გამოცდილება აქვს. ბიოქიმფარმი − მამაჩემის, ალექსანდრე ღოლიჯაშვილისა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ყოფილი მეცნიერების მიერ არის დაფუძნებული ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე, 1999 წელს. მე ფაგების ტექნოლოგიის მეორე თაობის მხარდამჭერი ვარ“, − გვიყვება რატი.
იდეის განვითარების პირველი სამუშაოები 2003 წელს ჩატარდა. ბოლო წლების განმავლობაში, ბიოტექნოლოგიის დარგში თანამედროვე მიღწევებმა და ბიოქიმფარმის გუნდის დაგროვილმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა ინოვაციურ პროდუქტზე მუშაობა, რომელსაც დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეეძლო. ამ ეტაპზე კი საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში და ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიულ რეზისტენტობასთან ბრძოლაში. მსგავსი პროდუქტი, PowerPhage-ის სახით უკვე შექმნილია და განვითარების ბოლო ეტაპებს გადის. თანადაფინანსების გრანტი პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანასა და კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს.
„მნიშვნელოვან ლოკალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ − როგორც კვლევითი, ისე კომერციული მიმართულებებით. მათი მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა სხვადასხვა პროექტის ეფექტური განხორციელება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოვყოფდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA). მისი გრანტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დამატებით კვლევით სამუშაოებსა და საერთაშორისო კომერციალიზაციას მოხმარდება, პროდუქტი კი ნამდვილად რევოლუციური გვაქვს“, − აცხადებს რატი.
გუნდში კარგად აცნობიერებენ, რომ უმწვავეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემას შეეჭიდნენ, რომელიც დიდ ძალისხმევასა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს: „ისევე, როგორც გლობალური დათბობის გარშემო გაერთიანდა მსოფლიო, სწორედ ასეთივე ერთიანობაა საჭირო ანტიბიოტიკების ჭარბ გამოყენებასთან მიმართებაშიც, რადგან სათანადო ყურადღების გარეშე, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობამ შესაძლოა გაცილებით მალე მოუღოს ბოლო ჩვენს ცივილიზაციას, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე, რეზისტენტული ინფექციებით ყოველწლიურად 700 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ხოლო პრობლემის იმავე ტემპით ზრდის შემთხვევაში, ის 2050 წლისთვის 10 მილიონზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს. ჩვენი სტრატეგია და მიზანი გლობალური მოძრაობის შექმნაა ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ, რომლის ცენტრიც საქართველოში იქნება“, − გვიყვება რატი ღოლიჯაშვილი.
საუბრის დასასრულს, შეკითხვაზე, თუ რას ურჩევდა ის დამწყებ სტარტაპებს, რომლებიც მსგავსი მასშტაბის წარმატებაზე ოცნებობენ, რატი გვპასუხობს: „იმავეს, რასაც საკუთარ თავს ვურჩევდი. პროდუქტისა თუ კომპანიის შექმნაზე ფიქრისას, არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური პრობლემის გადაჭრა სჯობს დავისახოთ მიზნად. ასევე ვურჩევდი, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, დაწყება ყოველთვის ღირს“.