1 აგვისტო, 2022
ფაგოთერაპიის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. 1917 წელს ინდოეთში, ფრანგული წარმოშობის კანადელი მეცნიერი ფელიქს დერელი, სახელგანთქმულ მდინარე განგში სუფთა წრეების წარმოშობას აკვირდებოდა. აღნიშნულ მდინარეს ჯადოსნურ, სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. ფელიქს დერელმა რამდენიმე თვიანი კვლევის შემდეგ, დაასკვნა რომ, წყალში კონკრეტულ წრეებსა და სისუფთავეს წარმოშობს უხილავი მიკროორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებს ჭამენ და მათ ბაქტერიოფაგები, ანუ ბაქტერიების მჭამელები (ბერძნულად) უწოდა.
დერელი საფრანგეთში დაბრუნდა და პასტერის სახელობის ინსტიტუტში ცდილობდა დაერწმუნებინა სამეცნიერო საზოგადოება უხილავი მიკროორგანიზმების არსებობასა და სამეცნიერო კვლევების ჩატარების აუცილებლობაში, თუმცა ინსტიტუტში ამას სკეპტიკურად უყურებდნენ.
ამავე პერიოდში საქართველოდან მეცნიერი, გიორგი ელიავა, პარიზს ვაქცინაციის ტექნოლოგიის შესასწავლად სტუმრობდა. ის მთავრობის მიერ იყო გაგზავნილი საფრანგეთში, სადაც მისი და დერელის გზები გადაიკვეთა. გიორგი თავდაპირველად ფრანგი მეცნიერის მოწაფე, შემდეგ კი კარგი მეგობარი გახდა.
გიორგი ელიავამ დაარწმუნა ფელიქს დერელი თბილისში გამგზავრებასა და იმჟამინდელ საბჭოთა მთავრობასთან ერთად პირველი ბაქტერიოფაგებზე ფოკუსირებული კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაში. ურბანული ლეგენდების თანახმად, პირადად სტალინის ინიციატივით 300 მილიონი რუბლი გამოიყო ამ კონკრეტული მიზნისათვის და 1934 წელს აშენდა მსოფლიოში პირველი ფაგების კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ამ ტექნოლოგიას.
დღესდღეობით, ეს ინსტიტუტი მსოფლიოში მოწინავეა და გიორგი ელიავას სახელს ატარებს.
ბიოქიმფარმის ისტორია იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც საქართველოში კვლევით ინსტიტუტებს დაფინანსება შეუწყდათ. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში რთული და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო და ქარხნების უმეტესობა დაიხურა. ამ პერიოდისთვის უკვე 15 წლის გამოცდილების მქონე ბიოტექნოლოგმა ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა თავის კოლეგა ტექნოლოგებთან ერთად ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე დააფუძნა მსოფლიოში პირველი, კომერციულ ფაგებზე დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია. თავდაპირველი წლები კომპანიისთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა მინიმალური რესურსებითა და ღრმა რწმენით ფაგის ტექნოლოგიური ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება მოხდა. მას შემდეგ ბიოქიმფარმი იმკვიდრებს მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშის როლს, ფაგების წარმოების მიმართულებით.
კომპანია ბიოქიმფარმის წარმოებული პრეპარატები შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ფაგებს, რომლებიც იმ ბაქტერიებსაც კი ანადგურებენ, რომელთა წინააღმდეგ ანტიბიოტიკებიც კი უძლურნი არიან. ანტიბიოტიკო რეზისტენტობის პრობლემა გლობალური და კომპლექსურია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ფაგოთერაპიას განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოში, თბილისში, გოთუას ქუჩაზე ფაგის ტექნოლოგიური ტრადიცია გრძელდება, მომავლის რწმენით, გლობალური პერსპექტივით, რეზისტენტობის წინააღმდეგ.