25 სექტემბერი, 2024
თბილისში, გოთუას ქუჩაზე მდებარე ბაქტერიოფაგის შენობაში შებიჯება დროში მოგზაურობას ჰგავს. უზარმაზარ თეთრ სვეტებს გასცდები თუ არა, დიდ ფოიეში აღმოჩნდები, სადაც საბჭოთა არქიტექტურის მკაცრი მონუმენტურობა თავს ერთბაშად გატყდება. უძველეს მონაცრისფრო სტენდზე ათწლეულების განმავლობაში შექმნილი წამლების გაცრეცილი ეტიკეტებია გამოფენილი. საბჭოთა სტენდიდან რამდენიმე მეტრში კი ხასხასა ყვითელ კედელზე მანათობელი ასოებით ფაგების საწარმო წერია. წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია. რომ არა ეს კუთხე, ვერაფრით მიხვდებოდი, რომელ ეპოქაში იმყოფები. კარს მიღმა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ფაგების ისტორიული ტექნოლოგიის გამოყენებით ინოვაციურ პრეპარატებს აწარმოებს.
„ეს ამიერკავკასიაში ყველაზე სუფთა ოთახია”, — მიხსნის კომპანიის გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი საწარმოს დათვალიერებისას. შემინულ ოთახში ჰაერი წუთში ერთ-ნახევარჯერ სრულად იცვლება, მძლავრი ჰეპაფილტრები მტვრის ნაწილაკებსა და ბაქტერიებს ეფექტიანად იჭერენ, თუმცა ფილტრებზე დიდ პრობლემებს ამ შენობაში ბაქტერიებს ფაგები უქმნიან. ეს სივრცე, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის ყველა დანარჩენი ელემენტი, მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის მონაპოვარია. 2021-2023 წლებში საწარმოს განახლებაში 17.5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო და ფაგების ისტორიული შენობის 60-მდე ოთახი სრულად გადაიარაღდა. კომპანიამ ევროპული სტანდარტებით განსაზღვრული GMP (Good Manufacturing Practice) სტატუსიც მოიპოვა, რაც „ბიოქიმფარმს“ საშუალებას აძლევს, მომავალში ვაქცინებიც კი აწარმოოს. სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდეს, არსებული საწარმოს მთავარი მიზანი მსოფლიოსთვის ანტიბიოტიკების ალტერნატივის შეთავაზებაა.
ფაგების მიმართ გლობალური სამეცნიერო საზოგადოების ინტერესი არათუ ყოველწლიურად, არამედ ყოველთვიურად იზრდება. მთავარი მიზეზი კი ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გლობალური კრიზისია. დაახლოებით 80 წელია, კაცობრიობა გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს მასობრივად იყენებს. ამ პერიოდში ბაქტერიებმა კარგად შეისწავლეს ანტიბიოტიკების მოქმედების პრინციპი და მათ მიმართ შეუვალები გახდნენ. ბაქტერიებს, რომლებზეც ჩვენთვის ცნობილი არც ერთი ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებს, სუპერბაგებს ანუ სუპერბაქტერიებს უწოდებენ. ისინი ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდებიან. მეცნიერების გათვლით, თუკი დროულად არ ვიმოქმედებთ, 50 წლის შემდეგ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის კაცობრიობას, ვიდრე სიმსივნე და დიაბეტი ერთად. მსოფლიო აქტიურად ეძებს ანტიბიოტიკების ალტერნატივას, თუმცა ისეთი მეთოდის პოვნა, რომელიც ბაქტერიებს დააზიანებს, ადამიანს კი — არა, არც ისე მარტივია. გამოსავალი შეიძლება არა ახალი მეთოდის გამოგონება, არამედ კარგად დავიწყებული ძველი ტექნოლოგიის გახსენება იყოს.
ფაგები დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმები არიან და უკვე მრავალი საუკუნეა, გარემოში ბაქტერიების რაოდენობას არეგულირებენ. მათი კულტივაციის პრინციპი მარტივია — სადაც ბაქტერიას პოულობ, როგორც წესი, იქვეა მასზე მონადირე ფაგიც, თუმცა ამ უმცირესი ცოცხალი ორგანიზმების გამოცალკევება, შესწავლა და კატალოგიზაცია არც ისე მარტივი საქმეა. ფაგები სამეცნიერო ფანტასტიკიდან გადმოსულ რობოტებს ჰგვანან — დიდი თავით, გრძელი ტანითა და პაწაწინა ფეხებით, რომლითაც ბაქტერიების ზედაპირს ეჭიდებიან, მემბრანას არღვევენ და ბაქტერიაში საკუთარი გენეტიკური ინფორმაცია შეჰყავთ. გამრავლების შემდეგ ფაგები ბაქტერიას ხეთქავენ და ამ პროცესს იმდენჯერ იმეორებენ, სანამ საკვები არ გამოელევათ, ანუ — ინფექცია არ ამოიწურება. ეს ერთადერთი „წამალია”, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ დამოუკიდებლად იმრავლებს თავს. თუ ანტიბიოტიკები ნაღმივით მოქმედებენ და გარშემო ყველაფერს ანადგურებენ, ფაგები სნაიპერებს ჰგვანან, რომელთაც მიზანში კონკრეტული ობიექტი ჰყავთ ამოღებული. ფაგების მაღალი სპეციფიკურობა უპირატესობაცაა და ხელის შემშლელი ფაქტორიც. უპირატესობა იმიტომ, რომ ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატები ადამიანის სხეულში არსებულ ჯანსაღ მიკროფლორას საფრთხეს არ უქმნიან, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ თითოეულ ბაქტერიას საკუთარი ფაგი უნდა მიუსადაგო. ეს დახვეწილ ტექნოლოგიებს, ფინანსებს, დროსა და მოთმინებას მოითხოვს.
რატი იმ დანადგარს მაჩვენებს, სადაც „ბიოქიმფარმი“ ფაგებს ამრავლებს. ბიორეაქტორში ფაგებსა და ბაქტერიებს შორის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს. მიკროსკოპული საბრძოლო ველიდან ფაგები ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიან: „ჯერ ბაქტერიებს ვაჭმევთ თავიანთ საჭმელს და მოვაძლიერებთ, შემდეგ კი კონკრეტულ დროს შეგვყავს ფაგები, რომლებიც ამ ბაქტერიებს ფაქტობრივად ფაგების გამამრავლებელ ქარხანად აქცევენ”, — მიხსნის ის. პროცესის ბოლოს ბიორეაქტორში განადგურებული ბაქტერიები და მილიარდობით და ტრილიონობით ფაგი რჩება. მრავალჯერადი ფილტრაციის შემდეგ ფაგების კონცენტრირებული მასა საინიექციო წყალში იხსნება და მედიკამენტად გარდაიქმნება. ამ მომენტისთვის საწარმო ფაგების გამოყენებით 15-ზე მეტ მედიკამენტს აწარმოებს.
34 წლის რატისთვის ფაგები საქმეცაა, ცხოვრებისეული მისიაც და საოჯახო ბიზნესიც. ის ფარმაცევტების ოჯახში გაიზარდა და ბავშვობაში ლამპის შუქზე ისმენდა ამბებს ყოჩაღი ფაგებისა და ვერაგი ბაქტერიების შესახებ. მამამისმა, ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა ფაგების საწარმოში 1982 წელს დაიწყო მუშაობა, 1999 წელს კი კოლეგებთან ერთად ამავე შენობაში „ბიოქიმფარმი“ დააარსა. ფაგების ისტორიული საამქრო, რომლის ბაზაზეც კომპანია შეიქმნა, თითქმის 100 წელს ითვლის.
ფაგების ისტორია საქართველოს ისტორიასთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ორი მეცნიერის, კანადელი ფელიქს დერელისა და ქართველი გიორგი ელიავას მეგობრობით იწყება. 1917 წელს დერელმა განგის დაბინძურებულ წყლებში სუფთა არეები აღმოაჩინა და მათი არსებობა ბაქტერიებზე მონადირე უხილავ მიკროორგანიზმებს დაუკავშირა. პასტერის ინსტიტუტში, სადაც დერელი მუშაობდა, ამ ჰიპოთეზას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. იმ დროისთვის მიკრობიოლოგია, როგორც სფერო, ჩანასახის ეტაპზე იყო და ფაგის პირველი ფოტოს გადაღება ელექტრონული მიკროსკოპით მხოლოდ 1940 წელს შეძლეს. დერელმა კოლეგების სკეპტიციზმის გასაქარწყლებლად დამაჯერებელი არგუმენტები ვერ წარმოადგინა, თუმცა მეცნიერის შეუპოვრობამ და ძალისხმევამ გარკვეულ წრეებში შედეგი მაინც გამოიღო. „პატარა მომაკვდინებელ ბაცილებს მათზე კიდევ უფრო პატარა მტრები ჰყავთ”, — ასე აღწერდა ფაგებს 1925 წელს New York Times-ი.
იმავე პერიოდში, როცა დერელი თავიდან ფეხებამდე იყო ჩაფლული საკუთარი აღმოჩენის კვლევაში, პარიზში ვაქცინაციის ტექნოლოგიის შესასწავლად ქართველი მეცნიერი, გიორგი ელიავა სტუმრობდა. ელიავა ჯერ დერელის მოწაფე გახდა, შემდეგ კი — მეგობარი. ფაგების იდეით აღტაცებულმა ელიავამ დერელი საქართველოში მოიწვია. მეცნიერებმა ერთად დაარწმუნეს საბჭოთა მთავრობა, რომ თბილისის იმდროინდელ გარეუბანში, საბურთალოზე მსოფლიოში პირველი ბაქტერიოფაგებზე ფოკუსირებული კვლევითი ინსტიტუტი შეექმნათ. ბაქტერიოფაგების ინსტიტუტის მშენებლობის პარალელურად დერელი თბილისში გადმოვიდა სამუშაოდ და აქ წიგნიც კი დაწერა, მაგრამ ორი კოლეგის იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მშენებლობის დასრულებიდან ცოტა ხანში, 1937 წელს გიორგი ელიავას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება (ეპიდემიის მომზადება) დააბრალეს და მეუღლესთან ერთად დახვრიტეს. ამ ამბით თავზარდაცემული ფელიქს დერელი საქართველოდან გაიქცა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა, ფაგების ისტორია კი ინსტიტუტის დამფუძნებლების გარეშე გაგრძელდა.
დერელის აღმოჩენიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ მსოფლიომ პენიცილინის შესახებ შეიტყო და ფაგების მიმართ ისედაც ძლივს გაღვივებული ინტერესი დასავლეთში მალევე მინელდა. ფაგებმა გლობალური თვალთახედვიდან საბოლოო გაუჩინარებამდე სხვა ამპლუაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს: ფაგის მარტივი მოლეკულური აგებულება დნმ-ში არსებული გენების შესწავლის კარგ ინსტრუმენტად იქცა. ნობელიატი მაქს დელბრუკი და ფრენსის კრიკი, რომელთაც დნმ-ის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, თავდაპირველად სწორედ ფაგებს შეისწავლიდნენ.
რკინის ფარდის მიღმა ფაგების ტექნოლოგიის შესწავლა და განვითარება არასდროს შეუწყვეტიათ. კვლევითი საქმიანობის ზენიტში, მეორე მსოფლიო ომის დროს ინსტიტუტში 1300-მდე ადამიანი მუშაობდა. ფაგების საამქროს მიერ წარმოებულ მედიკამენტების მთავარი მომხმარებელი კი საბჭოთა არმია იყო. ინსტიტუტი, რომელიც ორ დიდ მიმართულებას, კვლევასა და წარმოებას მოიცავდა, მთელ საბჭოთა კავშირს ემსახურებოდა. ცენტრი კვირის განმავლობაში 150-200 ტონამდე მოცულობის სხვადასხვა პრეპარატს აწარმოებდა, მათ შორის, ვაქცინებსა და შრატებს. წარმოება იმდენად მასშტაბური იყო, რომ ინსტიტუტის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სარკინიგზო ხაზი შემოდიოდა და მასალით დატვირთული ვაგონები პირდაპირ დანიშნულების ადგილებისკენ მიემართებოდა. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ფაგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო საბჭოთა მთავრობამ კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებშიც გახსნა საწარმოები, თუმცა თბილისი ისევ ფაგების სფეროს ლიდერად რჩებოდა.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ფაგების საამქრო, რომელიც როგორც შესყიდვების, ისე ნაწარმის გავრცელების კუთხით მოსკოვზე იყო დამოკიდებული, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა და ჯერ მრეწველობის სამინისტროს, შემდეგ კი მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადავიდა. აი, როგორ აღწერდა 1996 წელს საქართველოში ჩამოსული სამეცნიერო ჟურნალისტი პიტერ რადეცკი ისტორიული შენობის მდგომარეობას Discover Magazine-ში: „მდინარე მტკვრის ნაპირზე განლაგებული სამეცნიერო კამპუსი ნაწილებად იშლება. წყალი და ელექტროენერგია შენობას დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება. დერეფნები პირქუშია, ოთახების უმეტესობას მძიმე ბოქლომი ადევს და შენობაში ისევე ცივა, როგორც გარეთ”.
რატი ღოლიჯაშვილს დანგრევის პირას მყოფი ფაგების საწარმოც ახსოვს, დაჟანგებული დანადგარებითა და ჩამსხვრეული ფანჯრებით. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ფაგების ინსტიტუტისათვის, თუმცა თანამშრომლებს მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტიათ. ისინი ხშირად უხელფასოდ, რთულ პირობებში აგრძელებდნენ კვლევებს, მხოლოდ იმ განცდით მოტივირებულები, რომ არ შეიძლებოდა, საქართველოს ბიოტექნოლოგიური ტრადიციის ისტორია ასე დასრულებულიყო. იმ პერიოდისთვის ფაგების სფეროში 15 წლის გამოცდილების მქონე მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა ყველაზე უიმედო სიტუაციაში პერსპექტივის დანახვა შეძლო. მან და მისმა კოლეგებმა ნასესხები ფულით ისტორიული საამქრო შეისყიდეს და მინიმალური ფინანსური სახსრებით შეუდგნენ აღდგენას. „იმ მომენტში მამამ კოლეგებთან ერთად ძალიან გარისკა. მეც რისკიანი ვარ, მაგრამ ასეთი თამამი ნაბიჯი ჩემთვისაც კი სასიამოვნოდ გასაკვირია. მართლა სჯეროდა ამ იდეის. ახლა ერთად გვჯერა”, — ამბობს სიამაყით რატი.
თავდაუზოგავი შრომისა და პარტნიორების მოძიების შედეგად „ბიოქიმფარმის“ დამფუძნებლებმა ნელ-ნელა აღადგინეს დანგრეული ინფრასტრუქტურა და 2000-იანი წლების ბოლოს შუა აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ექსპორტი განაახლეს. საქართველოში ფაგების ტექნოლოგიური ტრადიცია არა მხოლოდ გადარჩა, არამედ განვითარდა კიდეც. ამავე პერიოდში დასავლეთი უფრო და უფრო დაინტერესდა ერთ დროს მივიწყებული ტექნოლოგიით. 1996 წელს Discovery Magazine-ში რადეცკის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის შემდეგ თბილისში BBC-ის გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა და ამ საკითხზე ფილმი მოამზადა. 2000 წელს კი თბილისში ბაქტერიოფაგების კვლევას ვრცელი სტატია მიუძღვნა New York Times-მა.
2010-იანი წლებიდან რატი ეტაპობრივად ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში. მისი კარიერა „ბიოქიმფარმში“ კომპანიის სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციით დაიწყო. მისი მოვალეობა იყო, ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატების შესახებ ექიმებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა. მშობლებისგან ზეწოლა, რომ კარიერა აუცილებლად „ბიოქიმფარმისთვის“ უნდა დაეკავშირებინა და საოჯახო ბიზნესი გადაებარებინა, არასდროს უგრძნია. მალევე იპოვა ამ საქმეში „უდიდესი აზარტი” და კომპანიის გლობალურ პოტენციალში თავადაც დარწმუნდა: „მივხვდი, რომ ეს არ იყო ერთი ჩვეულებრივი ფარმაცევტული მცირე ბიზნესი, რომელიც საქართველოთი შემოიფარგლებოდა. დაახლოებით ორ წელიწადში უკვე ვხედავდი, საით და როგორ უნდა წავსულიყავით”.
რატიმ სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციიდან მარკეტინგში გადაინაცვლა და 2014-2015 წლებში „ბიოქიმფარმის“ ფლაგმანი პროდუქტის, „ფაგიოს” მარკეტინგული კამპანია განახორციელა. დაბალბიუჯეტიანმა, მაგრამ ძალიან ეფექტურმა სარეკლამო რგოლმა, რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ფაგებისთვის დამახასიათებელი სიზუსტით ანადგურებდა სამიზნე „ბაქტერიებს”, „ფაგიოს“ ცნობადობა ახალ საფეხურზე აიყვანა. კამპანიის სამიზნე აუდიტორია მშობლები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იყვნენ — სეგმენტი, სადაც ფაგებზე დაფუძნებული წამლები განსაკუთრებით მაღალ ღირებულებას ქმნიდა. „არც მშობლებს და არც პედიატრებს არ უნდათ, ბავშვებს მისცენ ანტიბიოტიკები, თუ ამის თავიდან არიდება შეიძლება”, — განმარტავს რატი. დღეს „ფაგიო“ საქართველოს 1000 აფთიაქში, ჯამში კი მსოფლიოს 8000-მდე აფთიაქში იყიდება.
2020 წელს უკვე გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მყოფმა რატი ღოლიჯაშვილმა გუნდთან ერთად „ბიოქიმფარმის“ შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გადაწყვიტა: „დრო იყო, ქვეყნისა და რეგიონის წრე გაგვერღვია და შესაძლებლობა გვქონოდა, ჩვენი პროდუქტები ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაგვეყიდა”, — ამბობს ის. ამისთვის კი აუცილებელი წინაპირობა ევროპული ფარმაცევტული სტანდარტების დაკმაყოფილება და კომპანიის სრული განახლება იყო. საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების ორწლიანი პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოების – „აწარმოე საქართველოში“ და GITA-ს (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს) მხარდაჭერით განხორციელდა.
დღეს „ბიოქიმფარმი“ ერთადერთი საწარმოა ამიერკავკასიაში, რომელიც წამლის სტერილურ სითხოვან ფორმებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს. მოდერნიზაციის შემდეგ „ბიოქიმფარმში“ დასაქმებულთა რაოდენობა 30-დან 72-მდე გაიზარდა. კომპანია საქართველოში ფაგების ბაზრის 95%-ს ფლობს და მსოფლიო მასშტაბით ფაგების ინდუსტრიაში ანგარიშგასაწევი მოთამაშეა. საწარმოს ყოველწლიურად 30 მილიონამდე ფლაკონი პრეპარატის წარმოების პოტენციალი აქვს. „ბიოქიმფარმში“ და ზოგადად, საქართველოს ბიოტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების დანერგვამ რატის სამჯერ მოუტანა Forbes 30 Under 30-ის ტიტული როგორც მეცნიერების, ისე მეწარმეობის კატეგორიაში. ის ასევე არის საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის თავმჯდომარე და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი.
„საქართველოში თითქმის ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა ამ პროექტის განხორციელება მცირე ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა და ამ სფეროში ექსპერტიზის ნაკლებობის გამო. დამატებით ფაგების ტექნოლოგიის სპეციფიკურობაც გასათვალისწინებელი იყო. ფაქტობრივად გადავხტით და გზაში ავაწყვეთ თვითმფრინავი”, — იხსენებს რატი. მისი თქმით, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ, თუმცა პროექტის წარმატება საბოლოოდ ძლიერმა ორგანიზაციულმა კულტურამ, მისიის სიცხადემ და მულტიდისციპლინური გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ განსაზღვრა: „მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი გუნდი მთავარი მისიის გარშემო გაერთიანდა: ერთად გვებრძოლა ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის სიცოცხლის გადამრჩენელი მედიკამენტები მიგვეწოდებინა. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შეუპოვრობაა ის იარაღი, რომელიც ამბიციურ ხედვას რეალობად გარდაქმნის”.
მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია „ბიოქიმფარმს“ საშუალებას აძლევს, საექსპორტო არეალი მნიშვნელოვნად გაზარდოს და რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისათვის კიდევ უფრო ეფექტიანი მედიკამენტები შექმნას. მთავარი ბარიერი, რომელიც ევროპის ბაზარზე ქართული ფაგების ექსპორტთან იყო დაკავშირებული, უკვე გადალახულია. მიმდინარე გამოწვევა შესაბამისი პარტნიორების პოვნა და ევროპის ქვეყნის მოქალაქეებამდე ქართული ფაგების მიტანაა.
ფაგოთერაპიის მიმართ დასავლეთი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დიდ სიფრთხილეს იჩენდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბჭოთა კავშირის მეცნიერებისადმი უნდობლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში ფაგებთან დაკავშირებული დაახლოებით 50 კვლევა მიმდინარეობს, ფაგებით მკურნალობის შესახებ მონაცემების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდისაა, შესაბამისად, ახალი სამეცნიერო მიდგომებისა და ტექნოლოგიების ფონზე გადასინჯვას საჭიროებს. წლების განმავლობაში ფაგოთერაპია ექსპერიმენტულ მკურნალობად ითვლებოდა და მას მაშინ იყენებდნენ, როცა სხვა დანარჩენი მეთოდები არ მუშაობდა, თუმცა ეს ტენდენცია სწრაფად იცვლება. მკურნალობაში ფაგების წარმატებით გამოყენების ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა 2016 წელს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულ ქალს უკავშირდება. მძიმე დაზიანებების მქონე 30 წლის პაციენტს ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, სეპტიკური შოკი განუვითარდა. ექიმები ანთებით ქსოვილებში აღმოჩენილ ბაქტერიებს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მაღალი დოზით ორ წელიწადზე მეტხანს უშედეგოდ ებრძოდნენ. საბოლოოდ ქალის სიცოცხლე თბილისიდან გამოგზავნილმა ბაქტერიოფაგმა იხსნა.
2023 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ფაგის ტექნოლოგია იმ 10 ტექნოლოგიას შორის დაასახელა, რომელთაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ. განსაკუთრებით საინტერესო მიმართულება – ფაგების ინჟინერიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიებით პროგრამირებულმა ფაგებმა შეიძლება ცალკეული ბაქტერიული სახეობები სამკურნალო მოლეკულების საწარმოებლად გამოიყენონ, ან კონკრეტული წამლების მიმართ მგრძნობიარე გახადონ. მეცნიერებს შეუძლიათ, ფაგები კიდევ უფრო სპეციფიკური პრობლემების მოსაგვარებლად მიმართონ და დაავადებების ფართო სპექტრი განკურნონ როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებსა და მცენარეებში.
2024 წლის გაზაფხულზე ევროპის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის ხარისხის მარეგულირებელმა საბჭომ ფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტებისათვის რეგულაციური ჩარჩო შეიმუშავა: „განისაზღვრა, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატი ხარისხობრივად და შინაარსობრივად, რათა ევროპის ქვეყნებში გაიყიდოს, — ამბობს რატი, — ეს, ფაქტობრივად, მწვანე შუქია ფაგებისათვის და გვინდა, რომ სწორედ ქართული ფაგები აღმოჩნდნენ პირველი ფაგები ევროპის ბაზარზე”.
დღეს ფაგოთერაპიის გარდა, „ბიოქიმფარმის“ პროდუქცია აქტიურად გამოიყენება საკვების უსაფრთხოებასა და სოფლის მეურნეობაში. PowerPhage ანტიმიკრობული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების ფაგებით ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. მთელ მსოფლიოში გამოყენებული ანტიბიოტიკების 80% სწორედ ფერმებზე მოდის, სადაც მათ ცხოველებში სწრაფად წონის მოსამატებლად და ფერმებში ჰიგიენის შენარჩუნების იაფ ალტერნატივად იყენებენ. სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება გლობალური პრობლემის ჭრილში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანტიბიოტიკებს კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ არ იღებთ, თქვენს ორგანიზმში ანტიბიოტიკების გარკვეული დოზა საკვებიდან სისტემატურად მაინც ხვდება.
რატი ღოლიჯაშვილი დარწმუნებულია, რომ ფაგების ტექნოლოგიის მომავალი იმედისმომცემია და საქართველო, როგორც ამ ტექნოლოგიის პიონერი, უახლოეს წლებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის დამარცხების საქმეში. „ანტიბიოტიკორეზისტენტობა ამ მომენტისთვის დაახლოებით იმავე მასშტაბის პრობლემაა, როგორიც გლობალური დათბობა ან კიბო, ჩვენ კი გვაქვს წამალი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით”, — ამბობს რატი.
რატის თავდადება „ბიოქიმფარმისა“ და ფაგების ტექნოლოგიების მიმართ, პროფესიულის გარდა, ცხადია, პერსონალური მიზეზებითაცაა განპირობებული. მის სამსახურსა და ცხოვრების დანარჩენ სფეროებს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად არის გადაჯაჭვული მისი ბიოგრაფია ფაგებთან. როგორც ბიოფარმაცევტული კომპანიის მენეჯერს, საკმაოდ რთული მისია აკისრია: უზრუნველყოს უწყვეტი სამეცნიერო პროგრესი კომპანიაში და ეს პროცესი კომერციულ ინტერესებთან დააბალანსოს. რომ აღარაფერი ვთქვათ გლობალურ მისიაზე, რაც თანამედროვე ბიოტექნოლოგიების რუკაზე საქართველოს პოზიციონირებას უკავშირდება.
რატის სჯერა, რომ კარგი მენეჯერი თავად უნდა აკეთებდეს იმას, რასაც სხვას სთხოვს: „ვცდილობ, რომ მაქსიმალურად პირდაპირი ვიყო სამსახურებრივ ურთიერთობაში და სხვებისგანაც ამას ვითხოვ”. „ბიოქიმფარმი“ სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ტრადიციისა და ინოვაციის, წინა თაობის გამოცდილებისა და ახალგაზრდა თანამშრომლების შეუპოვრობის სინთეზის დამსახურებაა კომპანიის უწყვეტი ზრდა.
აღსანიშნავია ისიც, თუ რამდენად ზედმიწევნით იცნობს რატი „ბიოქიმფარმის“ მუშაობის ყველა დეტალს. როგორც თავად იხსენებს, კომპანიის განვითარების თითოეულ ახალ ეტაპზე ათეულობით წიგნს კითხულობდა და ცდილობდა, თეორიული ცოდნა მაშინვე გადაეტანა პრაქტიკაში. ასე შეისწავლა ფარმაცევტული მარკეტინგი, ბიოტექნოლოგიური პატენტირების სპეციფიკა და მაღალტექნოლოგიური კომპანიის განვითარების სტრატეგიები. მოდერნიზაციის ეტაპზე კი გუნდთან ერთად უზარმაზარი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი დასჭირდა: “ვიცი, თითოეული დანადგარი რა ფასად არის ნაყიდი, რა პარამეტრები აქვს და რა სპეციფიკაციები. ინჟინერი, ტექნოლოგი, იურისტი, შესყიდვების მენეჯერი, ხარისხის გუნდის წარმომადგენლები — ყველანი ბოლომდე ვიყავით ჩართულები გადაიარაღების პროცესში”.
რატის მიერ წარმოდგენილ მომავალში „ბიოქიმფარმი“ არა მხოლოდ ფაგების, არამედ მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე გლობალური მოთამაშე ხდება და მისი დამსახურებით საქართველო ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბად იქცევა: „შეიძლება თითოეული ნაბიჯი წინასწარ არ ვიცოდე, მაგრამ იმას, როგორ ვართ მაგ პოზიციაში, თვალნათლივ ვხედავ. როგორც ჩემი, ისე სხვა თანამშრომლების თითოეული გადაწყვეტილება მაგ წერტილამდე მისვლას ემსახურება”, — ამბობს ის.
ახალგაზრდა ინოვატორი დარწმუნებულია, რომ საკმარისი მონდომებითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლაზე მომუშავე მკვლევრების, მეცნიერების, ბიზნესებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრის ადგილად იქცევა. მომავლის მკაფიო ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რატის, როგორც ლიდერის კიდევ უფრო შთამბეჭდავი თვისება ისაა, რომ შეუძლია, წარმოდგენილი დიდი სურათი სხვებსაც დაანახოს და მთელი გუნდის ძალისხმევა ერთი მიზნისაკენ მიმართოს.
„ბიოქიმფარმი“ ჩვეულებრივი ბიოფარმაცევტული კომპანია არაა. უნიკალური ისტორიული კონტექსტის გამო ფაგების საწარმო საქართველოს ბიოტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროების სავიზიტო ბარათად იქცა. ისტორიული საამქროს მაღალტექნოლოგიურ კომპანიად ტრანსფორმაცია იმის დასტურია, რომ წარსულსა და მომავალს შორის ხიდის აგება ნამდვილად შესაძლებელია. თუ ფაგების მიმართ მსოფლიოს მზარდ ინტერესს გავითვალისწინებთ, გიორგი ელიავას ხედვა, რომელშიც საქართველოში შექმნილი ტექნოლოგია სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის, შეიძლება განხორციელებისაგან არც ისე შორს იყოს.