სიახლეები

პროდუქტები

15 სექტემბერი, 2019

ქართულმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ შინაური ცხოველების ანტიბიოტიკების ბუნებრივი ალტერნატივის სამომავლო განვითარებისთვის გრანტი მოიპოვა

ქართულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ინოვაციური, ვეტერინარული ანტიმიკრობული პროდუქტისთვის – ფაუერფაგი/PowerPhage – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი მოიპოვა.

ფაუერფაგი/PowerPhage არის მსოფლიოში პირველი ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალება, რომელიც ეფექტურად ებრძვის ისეთ საზიანო ბაქტერიებს, როგორიცაა სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და შიგელა.

პროდუქტი მიზნად ისახავს შინაურ ფრინველებსა და მსხვილფეხა საქონელში ანტიბიოტიკების გამოყენების ალტერნატივების წარმოდგენასა და ანტიბიოტიკების რეზისტენტობის პრობლემასთან ბრძოლას.

კომპანიის განცხადებით, ფაუერფაგი/PowerPhage-ს შინაური ფრინველებისა და მსხვილფეხა ცხოველების ფერმებში შეუძლია ანტიბიოტიკების ჩანაცვლება.

სხვა ისეთი ანტიმიკრობული საშუალებებისგან განსხვავებით როგორიცაა ანტიბიოტიკები, ფაგები არჩევითად ანადგურებენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას და ამ დროს ზიანს არ აყენებენ ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას.

„ფაუერფაგი/PowerPhage მუშაობს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ და აბრკოლებს ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გავრცელებას. ეს პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არა ტოქსიკურია“- განაცხადა „ბიოქიმფარმი“-ს ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა რატი ღოლიჯაშვილმა.

ფაუერფაგი/PowerPhage განვითარების საბოლოო ეტაპზეა, მაგრამ საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება.

კომპანიას „ბიოქიმფარმი“ ფაგებზე დაფუძნებული ალტერნატიული ანტიბიოტიკური საშუალებების განვითარების და წარმოების 80 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

საქართველოში ფაგებზე დაფუძნებული თერაპიის განვითარება და კვლევა უკავშირდება ქართველი ექიმის, ბაქტერიოლოგის და ფაგების მკვლევარის გიორგი ელიავას (1892-1937) სახელს. ფრანგ-კანადელ მეცნიერთან ფელიქს დერელისთან ერთად, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ბაქტერიოფაგები, გიორგი ელიავამ 1923 წელს დაარსა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი. გიორგი ელიავა, სტალინის წითელი ტერორის დროს, 1937 წელს იქნა დახვრეტილი.

 

 

 

გააზიარე